Portal:Scripts/Selected sample text/7

Georgian
The 'Featured Article' section of Georgian Wikipedia's Main Page on Tuesday, 21 July 2020
დიდი ოყარი, დიდი თეთრი ყანჩა (ლათ. Ardea alba) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. ადრე შედიოდა ოყარის გვარში. დიდი ზომის ფრინველია. სხეულის სიმაღლეა 94–104 სმ, ფრთების შლილი 131–145 სმ, მასა 912–1140 გრამი. აქვს თეთრი ბუმბული, გრძელი შავი ფეხები და ყვითელი ნისკარტი, რომელიც შეჯვარების პერიოდში მოყვითალო უხდება. გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც სანაპირო ზოლთან, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ან, ზოგჯერ, მობინადრე ფრინველი. აღწევს ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე. ჩრდილოეთით მობუდარი პოპულაცია გადამფრენია, დანარჩენის დიდი ნაწილი — მკვიდრი. დროს ხეებზე ატარებს. ფრენისას (საშუალოდ ავითარებს 28–51 კმ/სთ სიჩქარეს) უკან სწევს თავს და კისერს ლათინური S-ის ფორმას აძლევს. სეზონურად მონოგამური ფრინველია; სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს. ბუდობს კოლონიებად, ხშირად სხვა ყანჩებთან ერთად. ბუდეს, ერთ ადგილზე შეგროვილ ჯოხებისა და ტოტების გროვას, აგებს ნაყარ ლერწამზე, მიწაზე ან ხეზე. დებს 3–6 მოცისფრო-მწვანე კვერცხს. ორივე მშობელი კრუხობს 23–26 დღის განმავლობაში. ბარტყები 42–49 დღეში ბუმბულით იმოსებიან, 7 კვირაში ფრენას სწავლობენ. ძირითად შემთხვევაში მხოლოდ ერთი ბარტყი აღწევს ზრდასრულობამდე. ზომიერ განედებში მრავლდება გაზაფხულზე ან ზაფხულში, ტროპიკებში — ნებისმიერ სეზონზე; ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ, იშვიათად — ორჯერაც. იკვებება თევზებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, კიბოსნაირებით, მღრღნელებითა და მწერებით. ბუნებაში — 15, ხოლო ტყვეობაში 22 წლამდე ცოცხლობს. მისი ლამაზი თეთრი ბუმბულის გამო დიდი რაოდენობით ანადგურებდნენ XIX–XX საუკუნეებში, რამაც დიდი ოყარის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. დღეისათვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. განირჩევა 4 ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ჩრდილოური დიდი თეთრი ყანჩა.